10.11.2025, 00:50
„7:21-ს ვიმსახურებდით!“ — კოკერილის მკაცრი შეფასება აშშ-სთან მოგების შემდეგ
„7:21-ს ვიმსახურებდით!“ — კოკერილის მკაცრი შეფასება აშშ-სთან მოგების შემდეგ
ავტორი
Aa

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში აშშ-ის ეროვნული გუნდი 43:30 დაამარცხა. მიუხედავად გამარჯვებისა, „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა თამაშის ხარისხში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრეს.

რიჩარდ კოკერილი: „რაც ცუდი იყო, ძალიან ცუდი იყო“

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, თამაში გულწრფელად შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში 7:21 ჩამორჩენა სრულიად დამსახურებული იყო.

„ის, რაც ამ მატჩში კარგი გავაკეთეთ, ძალიან კარგი იყო და პირიქით, ის, რაც ცუდად გამოგვივიდა, ძალიან ცუდი იყო. ცხადია, თავის მართლების მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.

დავუშვით შეცდომები და დავისაჯეთ. 7:21 როცა გახდა, ამას ვიმსახურებდით. დაცვის დროს სისწრაფე არ გვყოფნიდა, ფეხით აბრაგანები არაერთხელ დაკიდეს და წნეხში მოგვაქციეს. ხაზის აწევას ვერ ვასწრებდით.

მადლობა უნდა გადავუხადო გუნდს, რომელმაც მოიფიქრა და მოახერხა ვითარების შეცვლა. გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ რთულ ვითარებაში შეძლო სწორად თამაშის წარმართვა და გამარჯვება. კანადასთან ეს ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.“

ბექა გორგაძე: „შეცდომების გამოსწორება ჩვენი ძლიერი მხარეა“

მწვრთნელის აზრს იზიარებს გუნდის კაპიტანი, ბექა გორგაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ მეტოქის მაღალმა ბურთებმა გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

„მიუხედავად იმისა, რომ ლელო მალე გავუტანეთ, ამერიკამ თავისი თამაში იპოვა. მათი მაღალი აბრაგანები რთულ მდგომარეობაში გვაგდებდა. ჩვენ ეს ვიგრძენით, ვილაპარაკეთ და შეცდომების გამოსწორება შევძელით, რაც ჩვენი ძლიერი მხარეცაა.

შერკინებაში თამაშზე ანგარიშმაც იმოქმედა და ემოციებმაც იძალა, რის გამოც ვერ ვიყავით დომინანტურები. თუმცა, მეორე ტაიმში ამასაც ეშველა და მთავარი მაინც ის ანგარიშია, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა.

სამუშაო ბევრია. კანადასთან თამაშის წინ მოსამზადებლად მეტი დრო გვექნება და ვფიქრობ, იაპონიასთან მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით.“

Add comment