08.11.2025, 22:03
კვირის გამორჩეული მატჩები: კვარაცხელია ლიონის წინააღმდეგ, მამარდაშვილი და დონარუმა — მანჩესტერ სიტის
კვირის გამორჩეული მატჩები: კვარაცხელია ლიონის წინააღმდეგ, მამარდაშვილი და დონარუმა — მანჩესტერ სიტის
ავტორი
Aa

კვირის გამორჩეული მატჩები: კვარაცხელია ლიონის წინააღმდეგ, მამარდაშვილი და დონარუმა — მანჩესტერ სიტის

კვირას ქართველი ლეგიონერების გამორჩეული მატჩებია, რის შემდეგაც ისინი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან. სანაკრებო პაუზის წინ გულშემატკივრებს ორი დიდი ევროპული დერბი ელის, ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით.

„ლიონი“ vs. „პსჟ“ (23:45)

უქმეების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო დაპირისპირება „პარკ ოლიმპიკზე“ (59,186) შედგება, სადაც „ლიონი“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ-ს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის დამატებით ინტრიგას მას შემდეგ იძენდა, რაც გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ თამაშობდა და დონარუმას უპირისპირდებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამ მატჩს კიდევ უფრო დიდი ინტერესი შესძინა.

ორივე გუნდი ევროტურნირებიდან არასასიამოვნო შედეგით ბრუნდება: თუკი პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე წააგო, „ლიონელები“ რანგით მეორე ტურნირზე (ევროპა ლიგა) დამარცხდნენ.

ლუის ენრიკეს გუნდმა გასული ტური ლიგა 1-ში რთულად, მაგრამ მაინც მოიგო და ლიდერობა გაიმყარა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა. მოსალოდნელია, რომ პარიზელთა შემადგენლობაში არსებული დიდი ტრავმიანობის (დემბელე, დუე, ჰაკიმი, მენდეში) პირობებში, „კვარა“ კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

რაც შეეხება მასპინძლებს, „ლიონს“ ტრავმის გამო ფოფანა დააკლდება, რაც სერიოზული დანაკლისია. საინტერესოა, რომ ბოლოს, როცა „ლიონმა“ „პსჟ“ დაამარცხა, გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, რომელიც ახლა სწორედ დედაქალაქელთა რიგებში ირიცხება.

სავარაუდო შემადგენლობები:

  • ლიონი: გრეიფი, მეიტლანდ-რაისი, მატა, ნიახატე, ტალიაფიკო - ტესმანი, მორტონი - სულცი, ტოლისო, მორეირა - სატრიანო.

  • პსჟ: შევალიე - ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი - ნევეში, ვიტინია, რუისი - ბარკოლა, რამოში, კვარაცხელია.

„მანჩესტერ სიტი“ vs. „ლივერპული“ (20:30)

კვირის მეორე დიდ მატჩში, 20:30 საათზე, „მანჩესტერ სიტი“ აშკარად ფორმაში შესულ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთი დიდი დაპირისპირება და სერიოზული გამოცდა ელის, ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას, პირისპირ.

„არსენალი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში წინ საკმაოდ გაიჭრა, შესაბამისად, ორივე გუნდი ლიდერთან მიახლოებას და უშუალო კონკურენტის დამარცხებას ეცდება. „ლივერპულის“ ახალმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ძირითადი თერთმეტეული უკვე აშკარად გამოკვეთა, სადაც მამარდაშვილი უცვლელ პირველ ნომრად რჩება.

სტატისტიკის მიხედვით, „მანჩესტერ სიტის“ ამ დუელში ზედიზედ 4 მატჩია არ მოუგია, ეს შეხვედრები კი, როგორც წესი, არც თუ ისე უხვგოლიანი გამოდიოდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

  • მანჩესტერ სიტი: დონარუმა - ნუნიეში, დიაში, გვარდიოლი, ო'რეილი - ნიკო - ჩერქი, ფოდენი, სილვა, დოკუ - ჰოლანდი.

  • ლივერპული: მამარდაშვილი - ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - გრავენბერხი, მაკ ალისტერი - სალაჰი, სობოსლაი, გაკპო - ეკიტიკე.


გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, გიორგი მიქაუტაძეს, ის დისკომფორტს განიცდის. მოსალოდნელია, რომ ამის გამო „ვილიარეალის“ ფორვარდი შაბათის მატჩს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ (23:59 საათზე) გამოტოვებს.

Add comment