საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს უკვე სამუშაო რეჟიმში ხვდება.
მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ მეორე ვარჯიშში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლის გუნდი ეტაპობრივად იკრიბება: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი ნაკრებს საკლუბო ვალდებულებების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.
პირველი ტესტი 2 ივნისს შედგება, როცა საქართველო რუმინეთს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. რუმინეთთან ისტორია მარტივი არ არის: წარსულში ჩატარებული რვა შეხვედრიდან საქართველოს მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, ისიც 2021 წლის 2 ივნისს, სტუმრად, როდესაც გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.
ამ თამაშს კიდევ ერთი ემოციური მიზეზიც აქვს. რუმინეთთან შეხვედრა გურამ კაშიასთვის ეროვნულ ნაკრებში 129-ე და ბოლო მატჩი იქნება. კაპიტანი ეროვნულ გუნდს სწორედ ამ შეხვედრით დაემშვიდობება.
მეორე ამხანაგური 5 ივნისს, ისევ მიხეილ მესხზე, ბაჰრეინის წინააღმდეგ გაიმართება. დაწყების დრო 20:00 საათია. ივნისის ფანჯარა სანიოლისთვის ახალი ვარიანტების შემოწმების, გულშემატკივრისთვის კი ნაკრების განახლებული სურათის ნახვის შანსია.