„სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია“ — ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ბავშვობის ოცნებაზე
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლის ოცნება, სამწუხაროდ, 4 წლით გადაიდო. ვილი სანიოლის გუნდისთვის დარჩენილი ორი ტური (ესპანეთთან და ბულგარეთთან) უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და ერთა ლიგისთვის მზადების ნაწილია.
ამ ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში ორი დებიუტანტი გამოიძახა: „კადისის“ შემტევი იური ტაბატაძე და „ჟილინას“ 20 წლის მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე.
„იბერიას“ აღზრდილ ნარიმანიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ ლიგაში 18 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის კარიერას სლოვაკურ „ჟილინაში“ აგრძელებს, სადაც მიმდინარე სეზონში უკვე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვილი სანიოლმა ახალგაზრდა მცველზე უკვე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცენტი მომავალზე კეთდება და მას საქმეში ნახვა სურს.
Geo Fans ალექსანდრე ნარიმანიძეს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე დაუკავშირდა.
- სანდრო, გილოცავთ. რა იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ შეიტყვეთ?
-
სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ზურაბ ხიზანიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. ამ წინადადებამ ძალიან გამახარა.
- მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა მუნდიალის მიზანს ვერ მიაღწია, წინ ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებია. როგორ შეაფასებდით განვლილ ეტაპს და რა მოლოდინები გაქვთ?
-
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. თუმცა, ყველაფრისგან უნდა ვისწავლოთ და მაქსიმუმი მივიღოთ. იმედი მაქვს, დარჩენილ მატჩებში ჩვენს გეგმას სისრულეში მოვიყვანთ. პირადად მე მინდა, სამწვრთნელო შტაბს თავი მოვაწონო და ეროვნულ გუნდში დებიუტი მქონდეს. მომავლისკენ უნდა ვიყუროთ და ერთა ლიგისთვის მოვემზადოთ.
- სულ რაღაც ერთი თვის წინ 21-წლამდე ნაკრების წევრი იყავით, რომელსაც ახლაც მნიშვნელოვანი თამაშები აქვს...
-
დიახ, ახალი შეკრებილი გუნდი ვიყავით და თავიდან ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ წარიმართა. მეორე შეკრებაზე ბევრი რამ გამოსწორდა და მწვრთნელის მითითებებიც კარგად შევასრულეთ. მჯერა, რომ ბიჭები საბერძნეთთან და გერმანიასთან ძალიან კარგ თამაშებს აჩვენებენ. რამაზ სვანაძე ძლიერი სპეციალისტია და გრანდებთან თამაში იცის.
- ეროვნულ ლიგაში დებიუტი საკმაოდ ადრე გქონდათ. რამდენად რთული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საქართველოს ჩემპიონატში თავის დამკვიდრება?
-
„იბერიას“ მთავარ გუნდში დაწინაურებით ძალიან გახარებული ვიყავი. ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო — დამეცვა იმ კლუბის ღირსება, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. გუნდში დამკვიდრება დიდად არ გამჭირვებია, რადგან როგორც ფეხბურთელები, ისე სტაფი და ხელმძღვანელობა ძალიან თბილად და მეგობრულად დამხვდა. „იბერია“ გამორჩეულია კარგი გარემოთი. ამიტომ, ზოგადად, ჩემი აზრით, ეროვნულ ლიგაში თამაში მარტივი არ არის, რადგან ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს და ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს.
- როგორ გაჩნდა „ჟილინას“ ვარიანტი?
-
სლოვაკეთიდან დაინტერესება მანამდეც იყო, მაგრამ მაშინ საქართველოში დარჩენა ვამჯობინე. „ჟილინას“ ვარიანტმა კი მომხიბლა, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და კლუბიც ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ამის შესახებ ჩემმა აგენტებმა მითხრეს და მეც დავთანხმდი.
- რა მთავარი განსხვავებაა საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის?
-
სლოვაკეთში გაცილებით მაღალი სათამაშო ტემპია და აუცილებელია, რომ მუდმივად კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ხომ არ არის სხვა კლუბებისგან დაინტერესება?
-
ამჟამად სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ და ძალიან მინდა, რომ „ჟილინასთან“ ერთად ჩემპიონი გავხდე. ამიტომ, ჯერ სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ. გუნდებთან კომუნიკაცია ჩემს აგენტებს აქვთ და ისინიც შუა სეზონში არაფერს მეუბნებიან. სრული კონცენტრაცია „ჟილინაზე“ მაქვს მიმართული.
მომავალი მატჩები
-
15 ნოემბერი: საქართველო vs ესპანეთი (21:00)
-
18 ნოემბერი: ბულგარეთი vs საქართველო
საქართველოს ნაკრების განაცხადი
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)