„იბერია 1999“ „დილასთან“ ერთად ლიდერობას აგრძელებს — თბილისელებმა „სამგურალი“ დაამარცხეს
ეროვნული ლიგის XXXII ტურში „იბერია 1999-მა“ „სამგურალს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო მარათონში „დილასთან“ ერთად ლიდერობა შეინარჩუნა.
და რაკი სეზონის დასასრული ახლოსაა, მატულობს ნერვიულობა და თამაშები თითქოს უფრო „ჩაკეტილი“ ხდება. სიფრთხილე ეტყობოდა „იბერიასაც“, „სამგურალი“ კი პირიქით, უფრო მობილიზებული ჩანდა და ლიდერს პირველ ტაიმში პრობლემებს უქმნიდა.
თბილისელებმა ქომაგი მეორე ტაიმის დასაწყისში ამოასუნთქეს: 52-ე წუთზე ამირან ძაგანია საჯარიმოს ხაზთან შემოტრიალდა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. აქ აღსანიშნავია გიზო მამაგეიშვილის ეფექტური პასიც.
გაშვებული გოლის შემდეგ წყალტუბოელებმა უფრო თამამად გაიხედეს თბილისელთა კარისკენ. ამან „იბერიას“ კონტრშეტევებზე თამაშის შანსი მისცა, რითიც გუნდმა მხოლოდ ბოლო წუთზე ისარგებლა. 90+6-ე წუთზე არმელ ზოჰურმა ბურთი ფერნანდო ბულს აართვა, მეკარეც უკან ჩამოიტოვა და ცარიელ კარში შეაგორა — 2:0.
აღსანიშნავია, რომ „სამგურალის“ ფეხბურთელები ორივე გოლის ეპიზოდს აპროტესტებდნენ, რამაც თამაშის შემდეგ მცირე შეხლა-შემოხლაც გამოიწვია. თუმცა, როგორც მატჩის შემდგომ შეფასდა, გოლების გადამოწმების აუცილებლობა არ დამდგარა.
მატჩის დეტალები
იბერია 1999 2:0 სამგურალი 08.11. თბილისი. მიხეილ მესხი
გოლები: 1:0 ძაგანია (52', გ. მამაგეიშვილის პასით), 2:0 ზოჰური (90+6')
იბერია (4-3-3): მაკარიძე - ზოჰური, აგიაკვა (9' გოშთელიანი), ჯგერენაია, ჯინჯოლავა - დადიანი, ქარდავა, ალთუნაშვილი (78' კლასი) - გ. მამაგეიშვილი, სილაგაძე (74' თ. ახვლედიანი), ძაგანია (74' ნ. ხორხელი).
-
მწვრთნელი: გუგა ნერგაძე
სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ჯანჯღავა, პატარკაციშვილი, რაიანი, ბული - შერგელაშვილი (62' ჩიხლაძე), ვინისიუსი (74' კვარაცხელია) - აინი (62' ჯეფინიო), ჟან კარლოსი (74' სებოლინია), ველისოლი - ფანცულაია.
-
მწვრთნელი: ტიაგო გომისი
გაფრთხილება: აინი (25'), შერგელაშვილი (45+2'), ვინისიუსი (47'), გ. მამაგეიშვილი (57'), ზოჰური (90+7')