04.11.2025, 03:19
შერმადინის 20 ქულა და 100%-იანი სიზუსტე – "ტენერიფეს" 7-მატჩიანი სერია "ბასკონიასთან" შეწყდა
შერმადინის 20 ქულა და 100%-იანი სიზუსტე – "ტენერიფეს" 7-მატჩიანი სერია "ბასკონიასთან" შეწყდა
ავტორი
Aa

შერმადინის 20 ქულა და 100%-იანი სიზუსტე – "ტენერიფეს" 7-მატჩიანი სერია "ბასკონიასთან" შეწყდა

ესპანეთის ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ბასკონიას" ესტუმრა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა, ანგარიშით 79:89.

ამ მარცხით "ტენერიფეს" ბრწყინვალე სერია შეწყდა. შერმადინის გუნდს ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული.

შეხვედრა "ტენერიფემ" ბრწყინვალედ დაიწყო და პირველი ტაიმი დამაჯერებლად, 40:23 მოიგო. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მესამე მეოთხედში, რომელიც სტუმრებმა ჩააგდეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ უკვე 7-ქულიან მდევრის როლში აღმოჩნდნენ. ბოლო მეოთხედში "ბასკონიამ" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ის კვლავ თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. "შერმომ" პარკეტზე 26 წუთი დაჰყო და ამ დროში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 100%-იანი მაჩვენებელი შეტევაში – ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ყველა სროლა გამოიყენა.

მიუხედავად ამ მარცხისა, "ტენერიფე" 8 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ მაღალ, მეორე ადგილზე რჩება. შემდეგ შეხვედრას გუნდი 8 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე "სან პაბლო ბურგოსის" წინააღმდეგ გამართავს.

Add comment